აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - ამერიკა იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას ელოდება
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - ამერიკა იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას ელოდება

ამერიკა იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა იაპონელ კოლეგას, კაცუნობუ კატოს განუცხადა.

„შევხვდი იაპონიის ფინანსთა მინისტრს, კაცუნობუ კატოს, რათა აშშ-იაპონიის სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში აშშ-ში იაპონიის სტრატეგიული ინვესტიციების მობილიზების გეგმები განგვეხილა. მინისტრ კატოსთან ასევე განვიხილეთ აშშ-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ადმინისტრაციის მოლოდინი, რომ იაპონია რუსული ენერგორესურსების იმპორტს შეწყვეტს“, – აღნიშნავს სკოტ ბესენტი.

იაპონიის ფინანსთა მინისტრის, კაცუნობუ კატოს განცხადებით კი, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში მშვიდობა სამართლიანი გზით დამყარდეს.

ცნობისთვის, ტოკიო „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებს შეუთანხმდა, რომ, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს. თუმცა იაპონია დღემდე აგრძელებს „სახალინის“ იმ ნედლი ნავთობის შეძენას, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევა.