აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ საფოსტო სამსახურს ბიულეტენების გაგზავნის პროცედურის შემოწმება და დარჩენილი ბიულეტენების დაუყოვნებლივ დაგზავნა დაავალა
აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ საფოსტო სამსახურს ბიულეტენების გაგზავნის პროცედურის შემოწმება და დარჩენილი ბიულეტენების დაუყოვნებლივ დაგზავნა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ საფოსტო სამსახურის თანამშრომლებს ბიულეტენების გაგზავნის პროცედურის შემოწმება და დარჩენილი ბიულეტენების დაუყოვნებლივ დაგზავნა დაავალა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის საოლქო მოსამართლის, ემეტ სალივანის განკარგულება ეხება რამდენიმე შტატს, მათ შორის პენსილვანიასა და ფლორიდას, რომლებიც ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებად მიიჩნევიან და რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არჩევნების შედეგები.

მოსამართლის განკარგულებით საფოსტო სამსახურის თანამშრომლებმა შემოწმება უნდა დაასრულონ თბილისის დროით შუაღამისას და თბილისის დროით 01:30 საათამდე დაადასტურონ, რომ არც ერთი ბიულეტენი დასაგზავნი არ დარჩენილა.

შესაბამისი სარჩელით სასამართლოს მიმართა რამდენიმე ორგანიზაციამ, მათ შორის ლათინო ამერიკელთა უფლებადამცველმა ჯგუფებმა. მრავალ შტატში მოქმედი კანონმდებლობით, ხმების დათვლისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ის ბიულეტენები, რომლებსაც საარჩევნო უბნები 3 ნოემბრის დღის ბოლომდე მიიღებენ.

საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს ვარაუდი, რომ ფოსტით ხმის მიცემის შემთხვევაში არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაყალბდეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის საფოსტო სამსახურის ცნობით, 3 ნოემბრამდე უწყებამ 122 მილიონი ცარიელი და შევსებული ბიულეტენი დააგზავნა.