აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაავალა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ საქმიანობის აღდგენა დაავალა.

მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონის ოლქის მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დააკმაყოფილა „ამერიკის ხმის“ წარმომადგენელთა შუამდგომლობა.

კონკრეტულად, მოსამართლე აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალებს „ამერიკის ხმის“ ყველა თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, რომლებიც 14 მარტს გაათავისუფლეს ან შვებულებაში გაუშვეს, ასევე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მხრიდან მაუწყებლის დაფინანსების განახლებას.

ეს გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ „ამერიკის ხმა“ მაშინვე განაახლებს მუშაობას. სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავდა შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში.

მოგვიანებით თეთრ სახლში „ამერიკის ხმის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება განმარტეს. განცხადებაში, რომლის სათაურია „რადიკალური „ამერიკის ხმა““, მოყვანილია ციტატები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, რომლებშიც „ამერიკის ხმას“ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევასა და პასუხისმგებლობისგან მუდმივ თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ.