აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა კომპენსაციის გადავადების შესახებ და მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის ხუთ მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა 

23:54, 08.07.2026

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლს ხუთ მილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მოთხოვნა კომპენსაციის გადავადების შესახებ.

აღნიშნული განჩინება მას შემდეგ გამოიცა, რაც ტრამპის იურიდიულმა გუნდმა მოსთხოვა მოსამართლეს, თანხის გადარიცხვა შეეჩერებინა, ვიდრე უზენაესი სასამართლო არ გადაწყვეტდა, გადასინჯავდა თუ არა ტრამპის მიერ უკვე უარყოფილ საჩივარს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის წინააღმდეგ.

მანამდე, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ დონალდ ტრამპმა კეროლის მიმართ სექსუალური ძალადობა განახორციელა.

ელიზაბეთ ჯინ კეროლისა და დონალდ ტრამპის სასამართლო დავა თითქმის შვიდი წელია, გრძელდება. კეროლი აცხადებდა, რომ 1996 წელს ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა. ტრამპი ბრალდებებს თავიდანვე კატეგორიულად უარყოფდა, მათ „ფარსს“ და „თაღლითობას“ უწოდებდა.

მსგავსი