აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა შიდა ტერორიზმი იყო
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი აცხადებს, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა შიდა ტერორიზმი იყო

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის განცხადებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა შიდა ტერორიზმი იყო. ამის შესახებ განცხადება ქრისტოფერ ურეიმ სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

ურეის მტკიცებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე ექსტრემისტები ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ კოორდინაციას და ამისთვის დაშიფრულ სოციალურ ქსელებს იყენებდნენ.

„ტერორიზმი დღეს სოციალური მედიის საშუალებით ძალიან სწრაფად ვრცელდება და ჩვენ ეს 6 იანვარს ვნახეთ“, – განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა.

მან ასევე უარყო ინფორმაცია, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმში ულტრამემარცხენე აქტივისტები მონაწილეობდნენ.

„ჩვენ არ გვინახავს მონაცემები ან მტკიცებულება, რომ ანარქისტები ან ანტიფას წევრები მონაწილეობდნენ კაპიტოლიუმის შტურმში“, – განაცხადა ურეიმ.

მისივე თქმით, შიდა ტერორიზმის შემთხვევები 2020 წელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ურეის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე აშშ-ში „რასობრივ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ექსტრემიზმის შემთხვევებზე დაპატიმრებულთა რიცხვი გასამმაგდა“.

კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურმა სისხლის სამართლის საქმე 300-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ აღძრა. დაპატიმრებულია 280-ზე მეტი მოქალაქე.