აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პროექტის მიხედვით, ევროპაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 76 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს
აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პროექტის მიხედვით, ევროპაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 76 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს

კონგრესში წარდგენილი აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ პროექტის მიხედვით, პენტაგონს აეკრძალება ევროპაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების 76 ათასზე ნაკლებამდე შემცირება. ამის შესახებ საუბარია კანონპროექტში, რომელიც რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კონგრესმენებმა შეათანხმეს და მასზე მსჯელობა მიმდინარე კვირაში უნდა დაიწყოს.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობას აეკრძალება აშშ-ის ევროპის სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროების 76 ათასზე ნაკლებამდე შემცირება 45 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე ომის მდივანი ჰიტ ჰეგსეტი და ევროპის სარდლობის ხელმძღვანელი არ წარადგენენ კონგრესში ანგარშს იმის შესახებ, რომ ასეთი ქმედებები შეესაბამება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს.

გარდა ამისა, პენტაგონის ხელმძღვანელობას მოუწევს წინასწარი კონსულტაციების გამართვა ნატო-ს მოკავშირეებთან.

პროექტის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობას ეკრძალება ევროპის ქვეყნებისთვის აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებისა და უძრავი ქონების დაბრუნება. ასევე, შეზღუდული იქნება 500 ათასზე მეტი ღირებულების ქონების ევროპიდან სხვაგან გადატანა.

პროექტის მიხედვით, აშშ-ის სამხედროების რაოდენობის შემცირებაზე შეზღუდვები გავრცელდება კორეის ნახევარკუნძულზე დისლოცირებულ ჯარისკაცებზეც. ამ შემთხვევაში საუბარია, სულ მცირე, 28 500 ჯარისკაცზე.