აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ოფისმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ყველა არსებული სადაზვერვო და სხვა ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, სადაზვერვო საზოგადოება გაყოფილია კორონავირუსის წარმოშობის საკითხზე. ანგარიშის თანახმად, ანალიტიკოსები არ მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი შეიქმნა, როგორც ბიოლოგიური იარაღი ან შემუშავდა გენური ინჟინერიის გამოყენებით.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ორი ჰიპოთეზაა დასაშვები – ბუნებრივი კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველთან და ლაბორატორიასთან დაკავშირებული ინციდენტი.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სადაზვერვო საზოგადოება ვერ შეძლებს უფრო ზუსტი დასკვნის გაკეთებას, თუ ჩინეთიდან უფრო მეტ ინფორმაციას არ მიიღებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთის უჰანის ლაბორატორიაში იქმნებოდა SARS-ის ტიპის კორონავირუსის კომბინაციები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“-ის გენეტიკური კონსტრუქცია უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა.