აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი აცხადებს, რომ ევროპის მხრიდან რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეუწყობს ხელს
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი აცხადებს, რომ ევროპის მხრიდან რუსეთის ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას შეუწყობს ხელს

ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსეთისგან ნავთობის, გაზის შესყიდვა და ამის ნაცვლად შეიძინოს თხევადი ბუნებრივი აირი, ბენზინი და სხვა წიაღისეული საწვავი აშშ-დან, – ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, – „ევროპელები თუ ხაზს გაავლებდნენ და იტყოდნენ, ჩვენ აღარ ვიყიდით რუსულ გაზს და ნავთობს, აშშ უფრო აგრესიული გახდებოდა სანქციების საკითხში?“ – კრის რაიტმა უპასუხა: „უდავოდ“.

რაიტის თქმით, ეს ეკონომიკურადაც მომგებიანი იქნებოდა ევროპისათვის.

„თქვენ გჭირდებათ საიმედო ენერგომიმწოდებლები, მოკავშირეები და არა – მტრები“, – აღნიშნა კრის რაიტმა.

ენერგეტიკის მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის მიერ რუსული საწვავის შესყიდვის შეწყვეტა შეამცირებდა რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას და ამით დააჩქარებდა ომის დასრულებას.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, 2024 წელს რუსული გაზი ევროკავშირის წიაღისეულის, საწვავის იმპორტის 14%-ს შეადგენდა. 2022 წლის თებერვალში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე კი მისი წილი თითქმის 40% იყო. ბრიუსელი გეგმავს, 2028 წლამდე სრულად უარი თქვას რუსეთის ნავთობსა და გაზზე, თუმცა უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებს იღებენ, ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან.