აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპის მიერ გენერალური ინსპექტორის გათავისუფლების საკითხზე გამოძიება დაიწყეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გენერალური ინსპექტორის, სტივ ლინიქის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე „დემოკრატები“ გამოძიებას იწყებენ. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.
საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელიოტ ენგელმა და სენატორმა ბობ მენენდეზმა უკვე მიმართეს თეთრ სახლს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და გენერალური ინსპექტორის ოფისს, რათა ლინიქის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შეინახონ და მათ 22 მაისს გადასცენ.
„პრეზიდენტ ტრამპის მიერ გენერალური ინსპექტორის, ლინიქის უპრეცედენტო გათავისუფლება პრეზიდენტის ბოლო ასეთი სვლაა ჩვენი მთავრობის უმთავრესი დამოუკიდებელი დამკვირვებლების ფედერალური სააგენტოდან ჩამოცილების მიზნით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ პოლიტიკურად მოტივირებულ გათავისუფლებას და პრეზიდენტის მიერ კრიტიკული პოზიციებზე მყოფი ადამინების მოშორებას“, – წერენ ენგელი და მენენდეზი.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ ლინიქის გათავისუფლების იდეა ტრამპს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიაწოდა, რადგან იცოდა, რომ ლინიქი მის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ლინიქმა წამოიწყო საქმე, სადაც მაიკ პომპეოს მხრიდან მისი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტის გამოძიებას გეგმავდა.