აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, პუტინმა შესაძლოა, ნატო-ს ერთიანობის შესამოწმებლად ალიანსის წევრზე შეტევა განახორციელოს

23:53, 07.08.2026

აშშ-ის დაზვერვის ბოლო  თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უახლოეს წლებში ნატო-ს ერთიანობისა და მე-5 მუხლის, რომელიც ერთ წევრზე თავდასხმას ყველაზე თავდასხმად განიხილავს, შემოწმების მიზნით, ალიანსის წევრ ქვეყანაზე შეზღუდული მასშტაბის თავდასხმა განახორციელოს.

ამერიკული დაზვერვა რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავს – დაწყებული კიბერშეტევიდან დამთავრებული მცირემასშტაბიანი შეჭრით – რომელთა მიზანი ალიანსის ერთიანობის გამოცდა იქნებოდა, და, სავარაუდოდ, ისე, რომ არ გადალახოს კოლექტიური თავდაცვის ასამოქმედებლად ზღვარი.

ვარაუდობენ, რომ პოტენციური თავდასხმის სამიზნე ბალტიისპირეთი ქვეყნები ან პოლონეთი იქნებიან, თუმცა, დრო და ფორმატი ჯერჯერობით ღია რჩება.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ისა და ნატო-ს წარმომადგენლების შეფასებით, პუტინმა ალიანსის წინააღმდეგ ესკალაცია შესაძლოა, იმ შემთხვევაში აირჩიოს, თუ უკრაინის ომიდან პრესტიჟის შენარჩუნებით გამოსვლის გზას ვერ იპოვის. ნატო-ს წარმომადგენლის, მარტინ ო’დონელის განცხადებით, ალიანსი საიდუმლო სადაზვერვო ანგარიშებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ნატო ყოველთვის მზადყოფნაშია ნებისმიერი სცენარისთვის, რათა საჭიროებისამებრ მოახდინოს შეკავება და თავდაცვა.

„სიენენის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა რუსული დრონების მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები რუმინეთსა და პოლონეთში. ამასთან, ამერიკული მხარის შეფასებით, გერმანიის აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი რუსულ სადაზვერვო სამსახურს ეკუთვნოდა.

დაზვერვის ანგარიშები ემთხვევა შიშებს აშშ-ის საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების (THAAD, Patriot) მარაგების შემცირებასთან დაკავშირებით, რამაც ირანთან კონფლიქტის ფონზე იჩინა თავი და რაც გავლენას ახდენს სამხედრო მეთაურების მიერ მომავალი პოტენციური ომების დაგეგმვაზე.

როგორც „სიენენი“ წერს, დაზვერვის ეს შეფასებები ვრცელდება ისეთ ფონზე, როცა აშშ-ის საბრძოლო მასალების მარაგები ირანთან ომის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„სიენენის“ ადრინდელი ცნობებით, THAAD-ის თითქმის 80% და Patriot-ის დაახლოებით ნახევარი უკვე დახარჯულია. ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის შორი რადიუსის შეიარაღებით გამოწვეული სამოქალაქო მსხვერპლი წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით 60%-ით გაიზარდა.

„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ამ შეფასებების პარალელურად, ჩიხშია შესული რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევაც. მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა ამერიკულმა და ევროპულმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა იქონია, თუმცა პუტინს უკრაინაზე შეტევები არ შეუჩერებია.

მსგავსი