აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, „თალიბანი“ ავღანეთში შეტევითი ოპერაციების ტემპს ზრდის
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, „თალიბანი“ ავღანეთში შეტევითი ოპერაციების ტემპს ზრდის

ამერიკულ სადაზვერვო სამსახურებს მიაჩნიათ, რომ „თალიბანის“ მებრძოლები ავღანეთში შეტევითი ოპერაციების ტემპს ზრდიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კონგრესში აშშ-ის დაზვერვასთან დაკავშირებული წყარო ამბობს, რომ „თალიბების“ წინსვლა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება და ამის საპასუხოდ, ავღანეთის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო უარესდება. ამასთან, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულის აღების საფრთხე ჯერჯერობით არ არსებობს. ეს კი იმის გამო ხდება, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ჰაერიდან „თალიბების“ წინააღმდეგ შეტევის წარმოება.

ოფიციალური ვაშინგტონი ავღანეთიდან ძალების გაყვანას 31 აგვისტოს დაასრულებს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ ქვეყნის ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფების გაყვანა იმით ახსნა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასა“ და მისი ლიდერის ოსამა ბინ-ლადენის განადგურებით, მათ დასახულ მიზანს მიაღწიეს.