აშშ-ის დაზვერვა - როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება
აშშ-ის დაზვერვა - როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

რუსეთის სამთვიანი ომი უკრაინაში „ოდნავ ჩიხშია“ და როგორც ჩანს, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა სენატში მოსმენისას განაცხადეს.

„რუსები არ იგებენ, უკრაინელები არ იგებენ და ჩვენ აქ ოდნავ ჩიხში ვართ“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ომში 8-იდან 10-მდე რუსი გენერალი დაიღუპა. სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა განაცხადა, რომ რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში, უკრაინის აღმოსავლეთში ომი შესაძლოა, არ დაასრულოს.

„ჩვენი შეფასებით პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, რომლის დროსაც ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ვიაროთ უფრო არაპროგნოზირებადი და პოტენციურად ესკალაციური ტრაექტორიით“, – განაცხადა ჰეინსმა.

სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს უფროსი სკოტ ბერიერი პუტინის მხრიდან ტაქტიკური ტიპის ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ამჟამად ამის მოლოდინი არ არის“.

ევრილ ჰეინსის განცხადებით კი, სადაზვერვო საზოგადოებას სჯერა, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ იგი რუსეთის სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღიქვამს.