აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საჯარო ადგილებში ნიღბების ტარების რეკომენდაციის გამოცემას აპირებს
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საჯარო ადგილებში ნიღბების ტარების რეკომენდაციის გამოცემას აპირებს

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ (NAS) წამოსწია საკითხი, რომელზეც ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს — ახალი კორონავირუსი არა მხოლოდ ხველებისა და ცემინებისას წარმოქმნილი მსხვილი წვეთებით, არამედ უბრალოდ ჰაერითაც შეიძლება ვრცელდებოდეს.

„ამჟამინდელ კვლევებს ამ საკითხზე გადამწყვეტი პასუხი ჯერ არ აქვთ, მაგრამ შედეგები მიუთითებს, რომ ვირუსი ჩვეულებრივი ლაპარაკის დროსაც შეიძლება ვრცელდებოდეს ჰაერში“, — წერს ორგანიზაციის ახალ ინფექციურ დაავადებათა და 21-ე საუკუნის ჯანდაცვის საფრთხეების კომიტეტის თავმჯდომარე ჰარვი ფაინბერგი წერილში, რომელიც მან თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელს, კელვინ დროგმაიერს მისწერა.

ჯერჯერობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ჯანდაცვის სხვა სააგენტოები SARS-CoV-2-ის გადაცემის ძირითად გზად მოზრდილ რესპირატორულ წვეთებს მიიჩნევენ, სიგანეში მილიმეტრზე მეტს, რომლებიც ადამიანის დაცემინების ან დახველების დროს წარმოიქმნება. გრავიტაციის გამო, ეს წვეთები 1-2 მეტრზე დიდ მანძილზე ვერ გადაადგილდება, მაგრამ ეცემა სხვადასხვა ზედაპირს, საიდანაც შეიძლება ისინი ადამიანის ხელზე მოხვდეს, ამ უკანასკნელმა კი ხელი პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოისვას და დაინფიცირდეს. თუმცა, თუკი კორონავირუსს შეუძლია ჩამოეკიდოს იმ ულტრაპატარა აეროზოლურ წვეთებში, რომლებსაც ჩვენ სუნთქვის დროს გამოვყოფთ, მისგან დაცვა უფრო რთული ხდება და ძლიერდება არგუმენტი, რომ საჯარო ადგილებში ნიღბების ტარება აუცილებელია, რათა შევამციროთ გადადება ვირუსის ასიმპტომური მატარებლებისგან.

დებატები ამ საკითხზე მაშინ დაიწყო, როდესაც წლის დასაწყისში მკვლევრები ჟურნალ The New England Journal of Medicine-ში იუწყებოდნენ, რომ SARS-CoV-2-ს (COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი) 5 მიკრონზე ნაკლები სიგანის აეროზოლური წვეთებით გადაადგილება სამი საათის განმავლობაში შეუძლია და ამ დროის განმავლობაში ის ინფექციური რჩება. მიმოხილვაში ფაინბერგი და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხვა მკვლევრები იშველიებენ სხვა კვლევებსაც, მათ შორის ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ახალ კვლევას, რომელმაც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა საიზოლაციო ოთახებში ფართოდ გავრცელებული ვირუსული რნმ-ის მტკიცებულებები იპოვა. აღმოჩნდა, რომ ვირუსულ რნმ-ს საკმაოდ გაუჭირდა ზედაპირებამდე მიღწევა, ასევე პაციენტისგან ჰაერში ორ მეტრზე შორს გადაადგილება. მიუხედავად იმისა, რომ ვერ იპოვეს თავად ვირუსული ნაწილაკები, კვლევის ავტორი ჯოშუა სანტარპია და მისი კოლეგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რნმ-ის არსებობა მიუთითებს, რომ ვირუსს აეროზოლით გავრცელება შეუძლია.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომისიის მიერ მოყვანილია კიდევ ერთი რეცენზირებამდელი კვლევა, რომლის მიხედვითაც, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა თავად შეიძლება იყოს ჰაერით ინფიცირების წყარო. კვლევის ფარგლებში, უხანის უნივერსიტეტის მკვლევარმა იუან ლიმ და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ახალ კორონავირუსს ჰაერში ასვლა ხელახლა შეუძლია, როდესაც სამედიცინო პერსონალის წევრი დამცავ აღჭურვილობას იხსნის, წმენდს იატაკს და მოძრაობს ინფიცირებულ ზონებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტი ასკვნის, რომ „ვირუსული რნმ-ის ჰაერის წვეთებსა და აეროზოლებში არსებობა მიუთითებს ვირუსის ამ გზებით ვირუსის გადადების შესაძლებლობაზე“.

„დარწმუნებული ვარ, ეს საბოლოოდ დამტკიცდება. სწორედ ვირუსის აეროზოლის გზით გადადება ახსნის იმას, რატომ ვრცელდება კორონავირუსი ასე სწრაფად“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის აეროზოლების ქიმიკოსი კიმბერლი პრათერი.

ამ ყველაფერს გავლენა აქვს ნიღბების გამოყენებაზეც. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომიტეტი ციტირებს რეცენზირებამდელ კვლევას, რომელიც ჰონკ-კონგის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მათ შეაგროვეს ვირუსებით გამოწვეული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების რესპირატორული წვეთები და აეროზოლები; ზოგიერთ პაციენტს ქირურგიული პირბადე ეკეთა. ამ უკანასკნელთა მიერ გამოყოფილ რესპირატორულ წვეთებსა და აეროზოლებში შედარებით მცირე ოდენობით შეინიშნებოდა კორონავირუსის რნმ.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვაძლევს მექანისტიკურ მტკიცებულებას, რომ ქირურგიული ნიღბები შეიძლება ხელს უშლიდეს ადამიანებს შორის კორონავირუსისა და გრიპის ვირუსული ინფექციების გადადებას, თუკი ამ ნიღბებს სიმპტომური ინდივიდები ატარებენ“, — წერენ მკვლევრები.

თუმცა, ყველა ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ აეროზოლები შეიძლება გადადების ერთ-ერთი გზა იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 27 მარტს გამოქვეყნებულ სამეცნიერო მიმოხილვაში წერია, რომ „აეროზოლური გადადება შეიძლება შესაძლებელი იყოს იმ კონკრეტულ გარემოებებსა და პარამეტრებში, რომლებშიც აეროზოლებია წარმოქმნილი“, მაგალითად, როდესაც მძიმე ავადმყოფის სასუნთქ გზებში შეჰყავთ სასუნთქი მილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა განცხადებით, 75 000-ზე მეტი პაციენტის ანალიზებმა ჩინეთში ვერ დაადასტურა ვირუსის საჰაერო გზით გადადების შემთხვევა. ზემოთ მოყვანილი კვლევების შესახებ კი ისინი განმარტავენ, რომ „გარემოს ნიმუშებში რნმ-ის აღმოჩენა PCR ანალიზების გზით, სულაც არ მიანიშნებს სიცოცხლისუნარიან ვირუსზე, რომლითაც დაინფიცირებაა შესაძლებელი“.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ამ საკითხზე სავარაუდოდ აზრის შეცვლას აპირებს. მრავალი სხვადასხვა წყაროს ცნობით, სააგენტო ემზადება რეკომენდაციის გამოსაცემად, რომლის მიხედვითაც, ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, აშშ-ში ყველა ადამიანმა საჯარო ადგილებში ქსოვილის ნიღაბი უნდა ატაროს.

მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი