აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს „ფაიზერის“ მესამე დოზა არ ესაჭიროებათ
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს „ფაიზერის“ მესამე დოზა არ ესაჭიროებათ

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს დამატებით, მესამე დოზა აცრა არ სჭირდებათ, – აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების“ და „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის“ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„შეერთებულ შტატებს გაუმართლა, რომ აქვს ძალიან ეფექტური ვაქცინები, რომლებიც 12 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომია. ადამიანები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, დაცულები არიან მძიმე დაავადებებისა და ლეტალური შემთხვევებისგან, მათ შორის ამჟამად ქვეყანაში არსებული კორონავირუსის ისეთი ვარიანტებისგან, როგორიც „დელტაა“. ადამიანები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, რისკის ქვეშ იმყოფებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები“, აგრეთვე „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია“ “ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან“ ერთად ჩართული არიან მეცნიერებაზე დაფუძნებულ მკაცრ პროცესებში, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამატებითი დოზა საჭირო.

„ეს პროცესი ითვალისწინებს ლაბორატორიულ მონაცემებს და კლინიკური კვლევების მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიების მონაცემებს, მაგრამ ისინი მხოლოდ ამ მონაცემებს არ ეყრდნობიან. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ნებისმიერი ახალი მონაცემების გადახედვას და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, მაშინვე გავაცნობთ საზოგადოებას. მზად ვართ დამატებითი დოზებისთვის, თუ მეცნიერება ცხადჰყოდს, რომ ის საჭიროა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, კომპანია „ფაიზერმა“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციისთვის მოთხოვნით მიმართა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება და ამასთან, საშიშროებას ქმნის ე.წ. დელტა ვირუსი.