აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორის ვიზიტი საქართველოში

საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი იმყოფება. საქართველოში ის ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ვიზიტის მიზანია, რობერტ რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები​ს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელებისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, რესპირატორული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია და ა.შ.