აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის პირბადის ტარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები განაახლა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლა. კერძოდ, უწყების რეკომენდაციით, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში უმეტეს ადგილებში, ასევე არ სჭირდებათ ფიზიკური დისტანციის დაცვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში იმედს გამოთქვამენ, რომ განახლებული რეკომენდაცია უფრო მეტ ამერიკელს უბიძგებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ.
პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების განახლებას „დიდი დღე“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც თეთრ სახლში მედიის წინაშე პირბადის გარეშე გამოჩნდა.
„თუ ხართ სრულად ვაქცინირებული და შეგიძლიათ პირბადის მოხსნა, თქვენ მოიპოვეთ უფლება, გააკეთოთ ის, რითაც ამერიკელები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი – მიესალმოთ სხვებს ღიმილით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, რის შემდეგაც თეთრ სახლში მყოფმა ზოგიერთმა ჟურნალისტმა ასევე მოიხსნა პირბადე.
როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა, პირბადის ტარების რეკომენდაციის განახლება ეფუძნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, ვაქცინაციის გაფართოებას ახალგაზრდებში და ვაქცინის ეფექტიანობას კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ.