აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ საპასუხოდ აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს

09:46, 01.06.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა, ხოლო „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ საპასუხოდ აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის სამხედრო ობიექტები ამერიკული MQ-1 ტიპის დრონის ჩამოგდების საპასუხოდ დაბომბეს.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ამ შაბათ-კვირას თავდაცვითი მიზნით დარტყმები განახორციელა ირანის რადარისა და დრონების სამეთაურო-საკონტროლო ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობდა გორუკში, ირანსა და კეშმის კუნძულზე. წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული დარტყმები შაბათსა და კვირას განხორციელდა ირანის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, რაც მოიცავდა საერთაშორისო წყლებში მოძრავი ამერიკული MQ-1 ტიპის დრონის ჩამოგდებას.

აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება და გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა, სახმელეთო საკონტროლო სადგური და ორი ცალმხრივი თავდასხმის დრონი, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ გემებს“, — ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მოგვიანებით „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ მათ სამიზნეში ამოიღეს საჰაერო ბაზა, რომელსაც აშშ სამხრეთ ირანზე თავდასხმებისთვის იყენებდა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ბაზაზეა საუბარი.

მსგავსი