აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ღამის განმავლობაში ირანში მდებარე ობიექტებზე იერიში მიიტანეს, თეირანში კი აცხადებენ, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს შეუტიეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ღამის განმავლობაში იერიშების სამიზნე გახდა ობიექტები ბუშერში, ჩაჰ ბაჰარში, ჯასკში, კონარაკში, აბუ მუსასა და ბანდარ აბასში, მათ შორის, ირანის სანაპირო თავდაცვის სისტემები და სარაკეტო ობიექტები.
ამასთან, აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ იერიშების შემდეგ ირანის მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმის უნარი კიდევ უფრო შემცირდება.
პარალელურად, ირანში აცხადებენ, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ირანის არმიის განცხადებით, იერიშები მიმართული იყო საკომუნიკაციო სისტემების, საწვავის ავზებისა და საბრძოლო მასალის საწყობისკენ, რაც, მათივე თქმით, „აშშ-ის განმეორებადი აგრესიის“ საპასუხოდ განხორციელდა.