აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯონ ბრენანი და ჯეიმს კომი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ქვეშ „ტრამპ-რუსეთის გამოძიებასთან“ დაკავშირებული შესაძლო დანაშაულისთვის იმყოფებიან.
გავრცელებული ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა ბრენანის მიერ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებულებები ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორს, კეშ პატელს პოტენციური სისხლისსამართლებრივი დევნისთვის გადასცა.
იუსტიციის დეპარტამენტის წყაროებმა დამატებითი დეტალების მიწოდებისგან თავი შეიკავეს. ბრენანისა და კომის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების სრული მასშტაბი გაურკვეველია, თუმცა ორმა წყარომ მათი ურთიერთქმედება „შეთქმულებად“ შეაფასა.
„დოსიე – ტრამპის საწინააღმდეგო დოკუმენტი, რომელიც სავსეა დაუდასტურებელი და სრულიად არაზუსტი მტკიცებებით, რომელიც შეუკვეთა Fusion GPS-მა და დააფინანსა დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბმა და დემოკრატიულმა ეროვნულმა კომიტეტმა — ფართოდ დისკრედიტებული იქნა. გასული კვირის მიმოხილვა პირველი შემთხვევაა, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კარიერულმა ჩინოვნიკებმა აღიარეს იმ პროცესის პოლიტიზაცია, რომლითაც „დაზვერვის საზოგადოების შეფასების“ (ICA) შედგენა მოხდა, განსაკუთრებით ობამას ეპოქის დანიშნული პოლიტიკური პირების მიერ“, – აღნიშნულია „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციაში.