აშშ-ის ავიადარტყმების შემდეგ ერაყის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა
აშშ-ის ავიადარტყმების შემდეგ ერაყის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ერაყის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. როგორც ABC News-ი იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია ერაყის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

ერაყის მთავრობის ინფორმაციით, აშშ-ის იერიშების შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

აშშ-ის ძალებმა ავიადარტყმები განახორციელეს სირიასა და ერაყში ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ იორდანიაში, სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის საპასუხოდ. პენტაგონის ცნობით, დარტყმები განხორციელდა 85 სამიზნეზე.

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 იანვარს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.