„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ ირანთან დაკავშირებით სამხედრო გეგმას განიხილავს
„ნიუ-იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ ირანთან დაკავშირებით სამხედრო გეგმას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან დაკავშირებით სამხედრო გეგმას განიხილავს. როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პენტაგონმა წარუდგინა გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედროს გაგზავნას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკულ ძალებს დაესხმება თავს ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს. გამოცემის მტკიცებით, შესაბამისი გეგმა თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შენაჰანმა, უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლებს წარუდგინა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არც თეთრ სახლსა და არც პენტაგონში არ გაკეთებულა.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებს. ამავე დროს, აშშ-მა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები (B-52) გაგზავნა. პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ირანის მხრიდან მომავალი საფრთხის ფონზე გადაიდგა.