აშშ ირანს საზღვაო სივრცეში ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს
აშშ ირანს საზღვაო სივრცეში ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს

შეერთებულ შტატებს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არსებული საზღვაო დაძაბულობის განმუხტვა სურს, რათა სამომავლოდ არასწორი გათვლები თავიდან იქნას აცილებული. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ ქირბიმ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

ქირბის თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახიფათო და ნაკლებად პროფესიონალური ქმედებები ზღვაზე სიახლეს არ წარმოადგენს და დიდი ხანია, ეს საკითხი პრობლემურია. აქვე მან დაამატა, რომ ეს შეფასება ირანულ სამხედრო ფლოტს არ ეხება და საუბარი მხოლოდ „გუშაგთა კორპუსის“ მოქმედებებზეა, რომელთა მანევრები შეცდომების დაშვების რისკს ზრდის.

ზემოხსენებული ბრიფინგი მანამდე შედგა, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ სპარსეთის ყურეში წარმოდგენილმა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო გემმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა გუშაგთა კორპუსის კუთვნილი კატარღების მიმართულებით.

ამასთან, ამერიკული მხარის განცხადებით, ირანელ სამხედროებთან მჭიდრო კომუნიკაცია ნარჩუნდება, რათა არასასურველი შეტაკებების საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.