აშშ ჰონგ კონგისთვის დაწესებული შეღავათების გაუქმებას გეგმავს
აშშ ჰონგ კონგისთვის დაწესებული შეღავათების გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ადმინისტრაციას ჰონგ კონგისადმი განსაკუთრებული მიდგომის პოლიტიკის გადახედვა დაავალა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დაიწყონ პროცესი გამონაკლისის პოლიტიკის გასაუქმებლად, რომელიც ჰონგ კონგისადმი განსაკუთრებულ და სპეციალურ მიდგომას უზრუნველყოფდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერის აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ უსაფრთხოების კანონს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, ჰონგ კონგში ჩინეთის ავტორიტეტისთვის ძირის გამოთხრა დანაშაულად მიიჩნევა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააუქმებს ყველა შეღავათს, მათ შორის სავაჭროს, რომლითაც ჰონგ კონგი სარგებლობდა.

გარდა ამისა, აშშ სანქციებს დაუწესებს ჩინეთისა და ჰონგ კონგის ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რომლებსაც ტერიტორიის ავტონომიის შელახვასთან პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ.