აშშ-ის ღიას იაპონელი ჩემპიონი ჰყავს
აშშ-ის ღიას იაპონელი ჩემპიონი ჰყავს

აშშ-ის ღია პირველობაზე დასრულდა ქალთა ტურნირი. ამერიკელი სერენა უილიამსი 31-ედ თამაშობდა “დიდი სლემის” ჩემპიონატების ფინალში, მისი მეტოქე, 19 წლის ნაომი ოსაკა – პირველად.

გამოცდილებაში ამგვარი სხვაობის მიუხედავად, ოსაკა მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულად მოიგო კარიერაში პირველი დიდი ტიტული.

მატჩში პირველი გეიმი სერენამ აიღო, მაგრამ ამის შემდეგ, შეცდომების დაშვება დაიწყო. ოსაკამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და პარტიაში 6:2 გაიმარჯვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე სეტში სერენა უილიამსმა მოუმატა, მაგრამ ოსაკა ამისთვის მზად აღმოჩნდა. იაპონელმა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიგერია, თუმცა, მაინც წააგო პირველად მატჩში საკუთარი მოწოდება და ამერიკელმა წინ გასვლა მოახერხა – 3:1. აღსანიშნავია, რომ მანამდე, სამ მატჩში ოსაკას 22 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მოგერიებული.

მაგრამ იქვე, უილიამსმა ძალიან ცუდად ჩაატარა მომდევნო გეიმი, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და გარბაზებულმა ჩოგანი გატეხა. ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი მატჩში.

ოსაკამ კიდევ ორი გეიმი აიღო და თავად დაწინაურდა – 4:3. ცოტა ხანში კი მატჩზე ჩაწოდებისას მეორე მატჩბოლი გამოიყენა და საათსა და 19 წუთში 6:2, 6:4 მოიგო.

იაპონელს 6 ეისი, ერთი ორმაგი შეცდომა და ხუთიდან 4 გამოყენებული ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. სერენამ 3 ეისი ჩააწოდა, 6 ორმაგი შეცდომა დააგროვა და ექვსიდან მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ოსაკა გახდა პირველი იაპონელი ქალი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც “დიდი სლემის” ტურნირი მოიგო.