აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ფულის გათეთრებაში შემჩნეული კვიპროსის ბანკის რუსეთთან კავშირებს იძიებს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ფულის გათეთრებაში შემჩნეული კვიპროსის ბანკის რუსეთთან კავშირებს იძიებს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ფულის გათეთრებაში შემჩნეული კვიპროსის ბანკის რუსეთთან კავშირებს იძიებს.

„გარდიანის“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების მოთხოვნა კვიპროსის ბანკს აშშ-ის სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა გაუგზავნა, მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იკვლევს.

როგორც „გარდიანთან“ საუბრისას ანონიმური წყარო აღნიშნავს კვიპროსის ცენტრალურმა ბანკმა აშშ-ის საგამოძიებო ბიუროსგან დოკუმენტები ჯერ კიდევ ნოემბერში მიიღო. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, გამოძიება დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს პოლ მანაფორტს უკავშირდება. თავის მხრივ, ბანკ FBME-ში ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მანაფორტი მათი კლიენტი არასდროს ყოფილა.

2014 წელს კვიპროსის ცენტრალური ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ფულის გათეთრებაში მხილებული ბანკის კლიენტებს შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში „პოლიტიკურ პოზიციებს“ იკავებდნენ ან დაკავშირებულები იყვნენ რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან. ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ FBME-ს კლიენტების ნახევარზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო. მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები.

FBME-ს მთავარი ოფისი ტანზანიაში მდებარეობს, თუმცა ის ოპერაციებს კვიპროსზე მდებარე ფილიალის გავლით ატარებდა. 2014 წელს აღნიშნული ბანკი ტერორისტების დაფინასნებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ კვიპროსის ცენტრალურმა ბანკმა FBME-ს ლიცენზია ჩამოართვა, 2017 წელს კი ბანკის ლიკვიდაცია დასრულდა.