აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება
აშშ ეუთო-ში რეფორმებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის დატოვებით იმუქრება

აშშ ეუთო-ს დატოვების ულტიმატუმს დააყენებს იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციაში რეფორმები არ განხორციელდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს მაღალჩინოსანმა, ბრენდან ჰანრაჰანმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, აშშ აგრძელებს მონაწილეობას ეუთო-ში, რადგან მიაჩნია, რომ სათანადო რეფორმით ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ შეძლებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას.

„რეფორმები აუცილებელია როგორც ევროპაში უსაფრთხოების განსამტკიცებლად ეუთო-ს მისიის შესრულებისთვის, ისე აშშ-ის შემდგომი მონაწილეობისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.

ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, ეუთო, „წლებია, დინებას მიყვება“.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩამოთვლილია პრიორიტეტები, თუმცა მხოლოდ მცირე მათგანია მიმართული ომებისა და არასტაბილურობის აღკვეთაზე, რისთვისაც არსებობს ეუთო. ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, ორგანიზაციის მუშაობა იდეოლოგიური პროექტების კატალოგს უფრო წააგავს.

„ეუთო-ს თუ არ შეუძლია, სარგებელი მოიტანოს იმ სფეროში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩართოს რუსეთი კონფლიქტის სერიოზულად მართვაში, მაშინ რატომ უნდა განაგრძოს აშშ-მა მონაწილეობა? რადგან აშშ-ს მიაჩნია, რომ ეუთო-ს შეუძლია შეცვლა და ეფექტურობა“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.

მისივე თქმით, აშშ ცვლილებას მოითხოვს. „მინდა, ვიყო მკაფიო. ჩვენ მოვითხოვთ ცვლილებას. არავითარი სიმბოლური ჟესტები ან რიტორიკული ვალდებულებები. რეალური, სერიოზული ცვლილება“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.

ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაასახელა სამი მთავარი კრიტერიუმი, რომელთა შორის, მისი თქმით, პირველი არის ბიუჯეტის შემცირება.

ბრენდან ჰანრაჰანის თქმით, აშშ 2026 წლის დეკემბრისთვის წლიური ბიუჯეტის, სულ მცირე, 15%-ით შემცირებას ელოდება.

„რესურსები უნდა დაიხარჯოს არა კონფერენციების გამართვაზე ან ანგარიშების წერაზე, არამედ მისიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ სტაბილურობასა და მშვიდობას“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.

ჰანრაჰანის განცხადებით, მეორე კრიტერიუმი არის სტრუქტურული გადაწყობა.

„ეუთო-მ უნდა შეწყვიტოს ეროვნული სოციალური პოლიტიკის კარნახი და შიდა პოლიტიკური ცხოვრების ტრანსფორმაციის განხილვა, როგორც მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციის“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის მნიშვნელოვანი ფუნქცია, იქნება ეს საზღვრების კონტროლი თუ არჩევნები, ეფექტური იქნება მხოლოდ ჩართული ქვეყნების სრული თანამშრომლობით.

ბრენდან ჰანრაჰანის განცხადებით, მესამე კრიტერიუმი არის რუსეთის ჩართულობა.

„ეუთო-მ უნდა შეწყვიტოს იმ მთავარი აქტორების მეორე პლანზე გამიჯვნა, რომელთა ყოფნაც მშვიდობისთვის აუცილებელია“, – განაცხადა ბრენდან ჰანრაჰანმა.

როგორც ბრენდან ჰანრაჰანმა აღნიშნა, „კონფლიქტი რუსეთის ჩართულობით, მხოლოდ რუსეთის ჩართულობით შეიძლება მოგვარდეს“.

მისივე თქმით, მხოლოდ მაშინ შეუძლია ეუთო-ს, „შეასრულოს თავისი ძირეული მისია“ და მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს განსხვავებული ხედვის მქონე ქვეყნები, გადაჭრას შეიარაღების კონტროლი, საზღვრის უსაფრთხოება, ებრძოლოს ტერორიზმს,  ფულის გათეთრებას და, საბოლოო ჯამში, დაეხმაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას რუსეთსა და უკრაინას შორის.

ჰანრაჰანის განცხადებით, „თუ ეუთო განაგრძობს თავის არსებულ გზას, აშშ განაგრძობს თავისი მონაწილეობისა და მხარდაჭერის შეფასებას“.