აშშ ერაყიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს

10:55, 11.01.2020

აშშ ერაყიდან სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის დელეგაცია აღნიშნულ საკითხს არ განიხილავს, რადგან ერაყში ამერიკელი სამხედროების ყოფნა რეგიონში არსებულ ვითარებას შეესაბამება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრის დროს ერაყიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანისთვის სამზადისის დაწყება სთხოვა. თუმცა, როგორც აშშ-ის დიპლომატიური უწყების პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, აშშ-ის და ერაყის მთავრობებმა ფინანსური, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები უნდა განიხილონ.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გასულ კვირას ქვეყნიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დატოვებას დაუჭირა მხარი.

მსგავსი