აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ნიგვზიანში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ნიგვზიანში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სოფელ ნიგვზიანში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ორგანიზატორების განცხადებით, სკოლის რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. 1600 კვადრატული მეტრი ფართობის რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 200-ზე მეტი მოსწავლისთვის.

„პირველად ვარ ნიგვზიანის სკოლაში და ძალიან მიხარია, რომ სკოლის სარემონტო სამუშაოები კარგად მიიწევს წინ. ამ სკოლის რეაბილიტაცია არის ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიცია საქართველოში. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით რეაბილიტაცია ოთხმოცდაათზე მეტ სკოლას ჩაუტარდება, შედეგად სარგებელს მიიღებს 37 ათასზე მეტი მოსწავლე. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესტუმრე ამ სკოლას და მიხარია, რომ აქ იქნება გაუმჯობესებული სასწავლო გარემო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.