აშშ-ის დაზვერვის ანგარიში - უკრაინაში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
აშშ-ის დაზვერვის ანგარიში - უკრაინაში შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

ხელისუფლებით უკრაინელების უკმაყოფილებამ შესაძლოა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის დენიელ კოუტსის მოხსენებაში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინას ემუქრება შიდა რყევები, რომელთა გამოსაყენებლად რუსეთი მზად არის, კიევის პროდასავლური ორიენტაცია შეცვალოს.

ამას გარდა, დოკუმენტში საუბარია იმ ფაქტორებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას და შეუძლიათ მისი საგარეო პოლიტიკა შეცვალონ.

„რეფორმების ტემპებით მოსახლეობის უკმაყოფილებამ, ცხოვრების სტანდარტების გაუარესებამ, აღქმამ, რომ კორუფცია ძლიერდება და 2019 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური პოლარიზაციამ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს“, – ნათქვამია გლობალური საფრთხეების შესახებ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ოპოზიციის ლიდერები ეცდებიან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიყენონ, რათა შეასუსტონ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დ მმართველი კოალიცია 2019 წლის არჩევნების წინ.

ამერიკული დაზვერვა ასევე ვარაუდობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი არსებულ მდგომარეობაში გაიყინება, ხოლო 2018 წელს სამხედრო მოქმედებების გააქტიურება ნაკლებად სავარაუდოა.

„თითოეული მხარის გათვლები შესაძლოა, შეიცვალოს, თუ ის დაინახავს, რომ მეორე მხარე სტატუს-კვოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რუსეთი გააგრძელებს სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კამპანია უკრაინის დესტაბილიზაციისთვის, რომ ჩაახშოს და შესაძლოა, შემოაბრუნოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ნატო-სთან კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული კიევის ძალისხმევა“, – აღნიშნავს დენიელ კოუტსი.

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის სამსახურის დირექტორი მიიჩნევს, რომ კიევი მოსკოვის მოთხოვნებს წინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა დიდი ალბათობით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის მიერ კონტროლირებად რაიონებზე 2018 წელს კონტროლს ვერ აღადგენს.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერთავდასხმებია მოსალოდნელი.

დატოვე კომენტარი