აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება
აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება

ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება.

„მეორე – ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020–2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა“, – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში მიღებული ე.წ. ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, შემდეგ კი – ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო- თბილისი-ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.

„აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.