აშშ-დან სამშობლოში დღეს ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან
აშშ-დან სამშობლოში დღეს ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან

აშშ-დან სამშობლოში დღეს ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს „აირზენაში“ განუცხადეს, ქართველი მოსწავლეები, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ, თავდაპირველად დოჰაში ჩაფრინდებიან, საიდანაც მათი ავიაკომპანიის სპეცრეისით სამშობლოში დაბრუნდებიან.

ამასთან, როგორც კომპანიაში აღნიშნეს, დღეს უკვე შესრულდა ავიარესი, რომლითაც ლარკანადან თბილისის აეროპორტში საქართველოს 127 მოქალაქე დაბრუნდა.

„დღეისთვის დაგეგმილი გვქონდა ორი რეისი; ერთი იყო – თბილისი-ლარნაკა-თბილისი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა 14:30 საათზე. დაბრუნდა 127 ადამიანი, მათ შორის, იყვნენ ბავშვები. მგზავრობა შედგა უსაფრთხოდ და ყველა სტანდარტის დაცვით. ახლა ჩვენი მეორე ეკიპაჟი გაფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დოჰაში 14:30 საათზე და დოჰას დროით 16:30-ზე ჩაფრინდება, როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დოჰაში მოფრინავენ ქართველი მოსწავლეები, რომლებიც ამერიკაში სწავლობდნენ, ეს ბავშვები გადასხდებიან ჩვენ ბორტზე ყველა სტანდარტის დაცვით და თვითმფრინავი საქართველოში ჩამოფრინდება 21:30 საათზე. ჯამში 100 მგზავრის ჩამოყვანა იგეგმება“, – აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, ქართული მხარის დახმარებით, ქართველ მოსწავლეებთან ერთად, აშშ-დან სომხეთში მცხოვრები ბავშვებიც დაბრუნდებიან.