აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ
აშშ და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას გააფორმებენ

უკრაინა და აშშ 10 ნოემბერს ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას გამართავენ, რომლის დროსაც სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოეწერება ხელი. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 10 ნოემბერს მე და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში უკრაინა-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის შეხვედრას გავმართავთ, სადაც სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ქარტიას მოვაწერთ ხელს“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ახალი ქარტია პრაქტიკული დოკუმენტია, რომელიც უპასუხებს უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ გამოწვევებს, შექმნის ჩარჩოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, გააძლიერებს ერთიანობას „რუსული აგრესიის ფონზე“ და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას იძლევა.

მანამდე, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი სექტემბერში, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობის გააქტიურებაზე.