აშშ და ირანი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 11 მაისს გამართავენ
აშშ და ირანი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 11 მაისს გამართავენ

ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმდნენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 11 მაისს, ომანში გამართონ.

9 მაისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ომანმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს ვაშინგტონსა და თეირანს შორის, მხარეებს შესთავაზა 11 მაისს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარება და თანხმობა მიიღო.

„მოლაპარაკებები წინ მიდის და, ბუნებრივია, რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო მეტ კონსულტაციას ვატარებთ და მით უფრო მეტი დრო სჭირდებათ დელეგაციებს საკითხების შესასწავლად“, – თქვა არაღჩიმ.

გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებებში ამერიკული მხრიდან მონაწილეობას მიიღებს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

„როგორც ადრე, ჩვენ ველით როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ დისკუსიებს“, – დაამატა წყარომ.

აპრილის დასაწყისიდან აშშ-მა და ირანმა ომანის შუამავლობით დაიწყეს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ამერიკულ მხარეს წარმოადგენს ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო ირანულს – საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
ტრამპის ადმინისტრაცია ირანს მოუწოდებს, უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვასა და ურანის გამდიდრებაზე.

პარალელურად, აშშ-მა გააძლიერა სანქციები თეირანის წინააღმდეგ, კერძოდ, შეზღუდვები დააწესა ირანული ნავთობის გაყიდვის წინააღმდეგ.