აშშ - ჩრდილო კორეის ორდღიანი სამიტი სინგაპურს 15 მილიონი დოლარი დაუჯდა
აშშ - ჩრდილო კორეის ორდღიანი სამიტი სინგაპურს 15 მილიონი დოლარი დაუჯდა

აშშ-ჩრდილოეთ კორეის ორდღიანი სამიტის გამართვაზე სინგაპურმა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი დახარჯა. როგორც ამერიკული ტელეკომპანია CNBC იუწყება, ამის შესახებ სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი სიანლუნმა განაცხადა.

„ეს არის ფასი, რომლის გადახდაც გვსურს“, -აღნიშნა სინგაპურის პრემიერმა.

მისი თქმით, გამართული სამიტი, რა დროსაც დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა, დადებითად აისახა ქვეყნის რეპუტაციაზე და სახელმწიფოს საერთაშორისო სტატუსი წარმოაჩინა.

15 მილიონ დოლარში შედის ორი ლიდერის კუნძულ სენტოსაზე მდებარე სასტუმროში განთავსების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და 2500 ჟურნალისტისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პრესცენტრის მოწყობის ღირებულება.

აღსანიშნავია, რომ სამიტამდე სინგაპურში მკვეთრად გაიზარდა ტურისტების ნაკადი, რაც ქვეყნის შემოსავალზე დადებითად აისახა.

სინგაპურში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა.