აშშ ბელარუსის ხელისუფლებას მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსის ხელისუფლებას მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიების შეწყვეტისა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ბლინკენი გმობს ბელარუსი ოპოზიციონერების, მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკისთვის გამოტანილ განაჩენს, რომელსაც ამერიკელი დიპლომატი პოლიტიკურად მოტივირებულსა და სამარცხვინოს უწოდებს.
„სამწუხაროდ, ეს განაჩენები არის რეჟიმის მხრიდან ბელარუსი ხალხის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ტოტალური უგულებელყოფის კიდევ ერთი მტკიცებულება“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აშშ თავის თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს ბელარუსი ხალხის მისწრაფებებს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში დემოკრატიული, აყვავებული მომავლისკენ.
„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, შეწყდეს ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მათ მიერ თავიანთი უფლებების გამოყენების გამო რეპრესიის კამპანია ბელარუსის შიგნით და გარეთ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ქალბატონი კოლესნიკოვა და ბატონი ზნაკი. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ბელარუსის ხელისუფლებისადმი, დაიწყოს ჭეშმარიტი დიალოგი დემოკრატიულ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელსაც შედეგად მოჰყვება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვებით“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბელარუს ოპოზიციონერებს, მარია კოლესნიკოვასა და მაქსიმ ზნაკას დღეს 10 და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.