აშშ ავღანეთში დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს, რომელიც ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
აშშ ავღანეთში დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს, რომელიც ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაყვანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

„თალიბანის“ გააქტიურების ფონზე, აშშ ავღანეთში დამატებითი ავიაგამანდგურებლების გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „გარდიანი“ პენტაგონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დამატებითმა სამხედრო ტექნიკამ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, ადრე გამოცხადებულ სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების შემადგენლობას, რომელშიც ავიაკრეისერი Dwight D Eisenhower  და კატარის სამხედრო ბაზაზე არსებული „B-52“ ტიპის ბომბდამშენები შედიან, კიდევ „F-18“-ის ტიპის შემტევი თვითმფრინავები დაემატება. გარდა ამისა, ქვეითთა ძალებს რამდენიმე ასეული „რეინჯერიც“ დაემატება.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ჯარების გამოყვანის პროცესის დაწყებამდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „თალიბანი“ გააქტიურდებოდა, განსაკუთრებით ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში. მარკ მილის განცხადებით, პენტაგონი ჯარების გამოყვანის შემდეგაც გააგრძელებს სამთავრობო ძალებისთვის დახმარებას, თუმცა რა სახის იქნება ეს დახმარება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ავღანეთის შეიარაღებული ძალების გადამზადება და სხვა ქვეყნიდან საჰაერო მხარდაჭერის აღმოჩენა.

როგორც „გარდიანი“ წერს, ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყებისთანავე გააქტიურდა და სამთავრობო ძალების ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ გასულ თვეს განაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.