აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს
აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოში გააგზავნის, – ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექვსი მილიონი დოზა გამიზნულია რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მექსიკისთვის, კანადისთვის, კორეის რესპუბლიკისთვის, დასავლეთ სანაპიროსთვის, ღაზასთვის, კოსოვოსთვის, ჰაიტისთვის, ეგვიპტისთვის, იორდანიისთვის, ერაყისთვის და იემენისთვის, ისევე, როგორც გაერო-ს თანამშრომლებისთვის მთელ მსოფლიოში.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, მსოფლიოს სულ 80 მილიონი ვაქცინა გაუზიაროს. მათ შორის დოზების 75 პროცენტი „კოვაქსის“ პროგრამით განაწილდება სხვადასხვა ქვეყანაში. „კოვაქსის“ ფარგლებში, ვაქცინების განაწილებისას პრიორიტეტული იქნება კარიბის ზღვის, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონები.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 80 მილიონი დოზიდან პირველი 25 მილიონი დოზის განაწილება უახლოეს ხანში დაიწყება და პირველი ტრანშის ფარგლებში, ვაქცინებს მიიღებს საქართველოც.

დატოვე კომენტარი