ასეფ ჩირაგოვი აცხადებს, რომ ბოლნისში პარტია „ლელოდან“ მერობის კანდიდატობაზე უარს ამბობს და „ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერს მხარს
ასეფ ჩირაგოვი აცხადებს, რომ ბოლნისში პარტია „ლელოდან“ მერობის კანდიდატობაზე უარს ამბობს და „ქართული ოცნების“ კანდიდატს უჭერს მხარს

დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზამურ ჭითანავა მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას, გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა, – ამის შესახებ ასეფ ჩირაგოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ლელოს“ მიერ ბოლნისის მერობის კანდიდატად დასახელებიდან მალევე დარწმუნდა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, მისი რესურსი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის გამოიყენონ.

„საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ, კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.

სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.

სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა.

დღესდღეობით ნამდვილად არ არის კინკლაობისა და უშინაარსო პოლიტიკური დაპირისპირების დრო. ახლა ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაზეც განვითარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის“, – წერს ასეფ ჩირაგოვი სოციალურ ქსელში.