„ASB​ საქართველომ“ მეწარმეებს ინვენტარი და მანქანა დანადგარები გადასცა
„ASB​ საქართველომ“ მეწარმეებს ინვენტარი და მანქანა დანადგარები გადასცა

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ASB საქართველომ“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ ,,აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს“ დაფინანსებით პროექტ „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ გამარჯვებულ ბენეფიციარებს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები – მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები, ინვენტარი და წარმოების საშუალებები გადასცა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა დაესწრნენ.

პროექტში სამეგრელოს რეგიონიდან 100-მდე დევნილი და ადგილობრივი მეწარმე იყო ჩართული. მონაწილეებმა გაიარეს ბიზნეს იდეების კონკურსი, ბიზნეს გეგმის შედგენის და სოციალური უნარების ტრენინგები. საბოლოოდ, საგრანტო კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში სამეგრელოში მოქმედი ორგანიზაციებისა და პროექტის მესვეურები შედიოდნენ, 35 ბიზნეს იდეა დააფინანსა.

გაცემული გრანტის ღირებულება 1000-3000 დოლარის ფარგლებშია. პროექტი ორწლიანია და საერთო ჯამში, 180 დევნილი და ადგილობრივი მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტს მიიღებს. პროექტში ასევე მონაწილეობენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი