ასათიანმა „სამგურალი“ დატოვა - 22 წლის მცველი „სამტრედიაში“ გადავიდა #1TVSPORT
ასათიანმა „სამგურალი“ დატოვა - 22 წლის მცველი „სამტრედიაში“ გადავიდა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. წყალტუბოელებმა სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით, წყალტუბოს სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ივარჯიშეს.

გუნდთან ერთად არ იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი ლუკა ასათიანი, რომელმაც კლუბი დატოვა, – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ასათიანმა დატოვა. ასათიანი კარიერას საფეხბურთო კლუბ „სამტრედიაში“ გააგრძელებს. მადლობას ვუხდით ლუკას გაწეული სამსახურისთვის და მას წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია წყალტუბოს „სამგურალის“ პრესსამსახურის განცხადებაში.

ლუკა ასათიანი 22 წლისაა. 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები პოლონეთში გადადგა და თამაშობდა ბიელეშტოკის „იაგელონიაში“, „სუვალსკიში“, „ზამბროუში“. ტანმაღალი (188 სმ) მცველი საქართველოში 2019 წელს დაბრუნდა და „რუსთავში“ ჩაირიცხა, წყალტუბოს „სამგურალში“ კი 2020 გადავიდა, სადაც მიმდინარე სეზონში შვიდჯერ ითამაშა. ასათიანი იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე – 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი.

ასათიანი მეორე მცველია, რომელიც „სამგურალიდან“ „სამტრედიაში“ გადავიდა – ერთი თვის წინ იგივე გადაწყვეტილება გამოცდილმა მცველმა, გიორგი მჭედლშვილმა მიიღო.