სასამართლომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევაზე ასაკობრივი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო 
სასამართლომ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არჩევაზე ასაკობრივი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო 

ასაკობრივი ზღვარის შეზღუდვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ავტორების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გოჩა კვარაცხელიამ, გივი ცინცაძემ, გიორგი თავაძემ, ელიზბარ ჯაველიძემ და კიდევ 13 მა პირმა მიმართა სარჩელით. ისინი ითხოვდნენ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.

მოსარჩელე მხარის მითითებით, 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მქონე აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე ეზღუდებოდათ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება, რაც იწვევდა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოფილი იყოს ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის სათანადოდ განხორციელება, თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისაგან.

ასევე სასამართლო აღნიშნავს რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების საფუძველი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ასაკობრივი შეზღუდვის რაციონალურად მიჩნევისთვის კანონმდებელი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად, და შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა.

სასამართლომ აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. მეტიც, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც ასაკის მატებასთან ერთად დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება თუ ინსტიტუციური მეხსიერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ახდენდა არსებითად თანასწორ პირთა დისკრიმინაციას და ცნო ის არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.