არველაძეების ფონდმა პროექტი „მომავლის ჩემპიონები“ დაასრულა - ზემო აჭარასა და კახეთში ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლა გაიხსნა #1TVSPORT
არველაძეების ფონდმა პროექტი „მომავლის ჩემპიონები“ დაასრულა - ზემო აჭარასა და კახეთში ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლა გაიხსნა #1TVSPORT

დასრულდა პროექტი „მომავლის ჩემპიონები“, რომელიც ძმები არველაძეების ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა – ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.

„პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ზემო აჭარასა და კახეთის რეგიონებში ექვსი უფასო საფეხბურთო სკოლა გავხსენით, რომელშიც, ჯამში, 130-მდე მოზარდი გადავამზადეთ.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო სკოლები პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ ფუნქციონირებას. პროექტის საგანმანათლებლო ნაწილში 60-მდე ახალგზარდა ჩაერთო. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ჩვენი ფონდისთვის ფეხბურთი, განათლება და მოზარდებზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, პარტნიორებთან თანამშრომლობით, რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს არაერთ სიახლეს ვპირდებით“, – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და „ინტერის“ აკადემიას, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას. ფეხბურთს საგანმანათლებლო ნაწილი დაემატა, რამაც პროექტი კიდევ უფრო გაამდიდრა. იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა, რევაზ არველაძემ.