არველაძეების ფონდის დირექტორი ახალ პროექტებს აანონსებს - მინიმუმ სამ-ოთხ სტადიონს მაინც ავაშენებთ
არველაძეების ფონდის დირექტორი ახალ პროექტებს აანონსებს - მინიმუმ სამ-ოთხ სტადიონს მაინც ავაშენებთ

მარტყოფის შემდეგ, ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი ახალ საფეხბურთო სტადიონს წეროვანის დევნილთა დასახლებაში ააშენებს – ამ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ არველაძეების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი ბოკერიამ ილაპარაკა.

„2019 წლიდან ჩვენს ფონდს დაემატა ახალი მიმართულება, რაც ამ მომენტისთვის პრიორიტეტულია – ეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. პირველი პროექტი მარტყოფში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ამიერკავკასიის წარმომადგენლობასთან ერთად განვახორციელეთ. ძალიან გვიხარია, რომ კარგი სტადიონი მოეწყო და ბავშვები ბედნიერები არიან. შემდეგი პროექტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში განხორციელდება. წელს ვგეგმავთ, რომ მინიმუმ 3-4 სტადიონი მაინც მოვაწყოთ. ამავე დროს, ჩვენს საფეხბურთო პროგრამებსაც ვაგრძელებთ, როგორიცაა „საფეხბურთო თერაპია“ და ა.შ.“, – ამბობს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდმა 23 აპრილს, სოფელ მარტყოფში საფეხბურთო მოედანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ამიერკავკასიის წარმომადგენლობასთან პარტნიორობის შედეგად გახსნა. მინი-სტადიონი თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ლტოლვილები დროებით ცხოვრობენ.