ძმები არველაძების საქველმოქმედო ფონდმა საინტერესო ამბავი გაავრცელა – ორგანიზაციის ინიციატივით ახალი პროექტი ამოქმედდა – „ფეხბურთი ოკუპაციის წინაააღმდეგ“.
„ფონდ არველაძისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს პარტნიორობით, დაიწყო ახალი პროექტი – „ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ“. პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონსა და ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ხორციელდება“ – წერია ძმები არველაძების საქველმოქმედო ფონდის ოფიციალურ გვერდზე.
წეროვნის დევნილთა დასახლებაში, ფონდისა და თურქეთის საელჩოს მიერ ოქტომბრის დასაწყისში გახსნილ ახალ სტადიონზე საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივ გუნდთან ერთად, დიცის, ნიქოზის, ატენის, კარალეთისა და ახალდაბის გუნდები მონაწილეობდნენ, გამარჯვებული კი სოფელ დიცის გუნდი გახდა.
„ბოლო ორი წელია აშშ-ის საელჩო საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს ე.წ სპორტის დიპლომატიას. ეს გულისხმობს სპორტში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. მადლობა ფონდ არველაძეს, ამ საინტერესო ინიციატივისთვის. მსგავსი ტიპის პროექტი შარშან, ერთობლივი ძალებით პანკისის ხეობაში, ადგილობრივი მოზარდებისთვის განვახროციელეთ“ – ამბობს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი სოფო ბზიშვილი.
რეზი არველაძე, ფონდის დამფუძნებელი: „პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონსა და საზღვრისპირა სოფლებში, უფასო საფეხბურთო სკოლების შექმნას ითვალისწინებს. წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვების გარდა მთელი წლის მანძილზე, კვირაში სამჯერ, დიცში, ახალდაბაში, ნიქოზში, ატენსა და კარალეთში მცხოვრები მოზარდები ჩვენი ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. ფეხბურთელებს გადავეცით ბურთები, ფორმები და საფეხბურთო ინვენტარი. წლის განმავლობაში ჩავატარებთ არაერთ ტურნირს და ვეცდებით, ამ ბავშვების ცხოვრება უფრო ხალისიანი და ჯანსაღი გახდეს“.