არველაძე უზბეკეთში საუკეთესოა - სელფი „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტთან
არველაძე უზბეკეთში საუკეთესოა - სელფი „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტთან
უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციისა და პროფესიული ფეხბურთის ლიგის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად შოთა არველაძე დაასახელეს – ინფორმაციას ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ვებგვერდი ავრცელებს.
 
შოთა არველაძის აღიარება შემთხვევითი არაა – 46 წლის სპეციალისტმა შარშან ჩაიბარა ტაშკენტის „ფახტაკორი“, რომელიც წლების წინ ცნობილი კლუბის აჩრდილიღა იყო.
2019 წელს ქართველი მწვრთნელის ხელძღვანელობით „ფახტაკორმა“ სამი პრესტიჟული ტიტული მოიპოვა: გუნდმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უზბეკეთის სუპერლიგის ჩემპიონატი მოიგო – თანაც, ფინიშამდე 6 ტურით ადრე. გარდა ამისა, გუნდი გახდა უზბეკეთის თასისა და უზბეკეთის ლიგის თასის გამარჯვებული.
შოთა არველაძე „ფეისბუქის“ გვერდზე აღიარებას მისთვის დამახასიათებელი მოკლე და ლაკონური პოსტით გამოეხმაურა.
„2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ძალიან ვამაყობ, რომ ეს ჯილდო მოვიპოვე. მშვენიერი დღეა“, – წერს შოთა არველაძე.
შოთა არველაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე ესპანეთში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა – დაჯილდოებამდე ტყუპისცალ აჩი არველაძესთან ერთად ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.