არველაძე ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიაზე - მეგონა, ეს ამბები უკან მოვიტოვეთ
შოთა არველაძე „საბურთალოს“ 19 წლის მოთამაშის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ, ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა, უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს“ – წერს ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
„საბურთალოს“ 19 წლის მოთამაშე გიორგი შაქარაშვილი რამდენიმე დღის წინ მცხეთაში დაიკარგა. ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელი გარდაცვლილი ნახეს.