არსენალის მთამდე მისასვლელი გზების მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

01:28, 01.10.2026

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის ტერიტორიასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიის თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა. პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.

ტენდერის ფარგლებში კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების შესაძლო მიმართულებები და თითოეული მიმართულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა წარმოადგინოს. განხილულია ტერიტორიის სულ მცირე ორი – სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით – დაკავშირება, თუმცა კვლევა სხვა შესაძლო მარშრუტებსაც მოიცავს.

ალტერნატიული მარშრუტების შეფასებისას გათვალისწინებული იქნება საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები. ასევე ჩატარდება სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, შეფასდება არსებული და ახალი გზით მგზავრობის დრო, საგზაო უსაფრთხოება და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მომზადდება ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და განისაზღვრება ოპტიმალური გადაწყვეტა. პირველი ეტაპის შედეგებისა და რეკომენდაციების შეფასების შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ, რომელიც შერჩეული მიმართულებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.

დეტალური პროექტი მოიცავს გზის მშენებლობისთვის საჭირო საინჟინრო კვლევებს, საპროექტო ნახაზებს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებსა და მშენებლობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავრცელებს. 

მსგავსი