„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა VAR-ის სისტემის უპირატესობაზე ილაპარაკა. ფრანგი სპეციალისტის სიტყვებით, ის მთელი კარიერის განმავლობაში ხშირად გამხდარა მსაჯების არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი. გარდა ამისა, ვენგერმა „სანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა დიეგო მარადონას სკანდალური გოლი ინგლისის ნაკრების კარში და თქვა, რომ თანამედროვე ფეხბურთში მას აუცილებლად გააუქმებდნენ.
„მე VAR-ის დიდი ფანი ვარ. კარიერის განმავლობაში, ხშირად დავზარალდი მსაჯების არასამართლიანი გადაწყვეტილებების გამო. უბრალოდ მატჩის წაგება – ძალიან მძიმეა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა წაგება არასწორი გადაწყვეტილების გამო. მსაჯების შეცდომების რიცხვი უნდა შემცირდეს.
ჩემი აზრით, მარადონას ის გოლი – არ იყო „ღმერთის ხელი“, ეს იყო „ეშმაკის ხელი“. იმ დროს VAR-ის სისტემა რომ ყოფილიყო, მის გოლს არ ჩათვლიდნენ. ადამიანები ამაყობენ იმით, რომ მათ შეძლეს მსაჯის მოტყუება, ეს კი არასახარბიელო მაგალითია ბავშვებისთვის“, – განაცხადა ვენგერმა.
დიეგო მარადონამ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებს პირველი გოლი ხელით გაუტანა. არგენტინამ ის მატჩი 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.