არსებული ინფორმაციით, ყვარლის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ჩვილი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, ყვარლის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ჩვილი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 11 თვის ჩვილი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

როგორც ბავშვის მამამ, ზურა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მაღაზიაში ერთ-ერთი ფირმის ქათამი შეიძინა, რომლისგანაც მისმა მეუღლემ წვნიანი მოამზადა. ჩვილს წვნიანი აჭამეს, მათმა სამი წლის გოგონამ კი, ქათმის ხორცის მხოლოდ მცირე ნაწილი შეჭამა.

„სამი წლის გოგონაც მყავს. ხორცის ნაწილი შეჭამა, რადგან თან ძაღლს ეთამაშებოდა და ნაწილს ძაღლს უყრიდა. ჩემს ბიჭს როგორც კი წვნიანი აჭამა დედამისმა, მაშინვე კრუნჩხვებში ჩავარდა. საავადმყოფოშიც რომ ყოფილიყო და იქ ეჭამა, ექიმები მაშინაც ვერ გადაარჩენდნენ, იმდენად სწრაფად იმოქმედა შხამმა“, – აცხადებს ზურა გამყრელიძე.

ქათმის ხორცით მოიწამლნენ ჩვილის მშობლებიც. ისინი კატასტროფის ბრიგადამ ინტოქსიკაციით თბილისში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ყვარლის ჰოსპიტლის პედიატრის, თინათინ რუსიაშვილის განცხადებით, ჩვილი საავადმყოფოში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში გადაიყვანეს და რეანიმაციული დახმარების მიუხედავად, ორ საათში გარდაიცვალა.

ქათმის ხორცი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი