არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, არ მჯერა, მომავალში ვინმე არ მომისმენს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, არ მჯერა, მომავალში ვინმე არ მომისმენს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სასულიერო პირების მოსმენა, ის ნიჰილიზმს, უიმედობის განცდას ბადებს საზოგადოებაში.

„მინდა, მჯეროდეს გამოძიების, ალბათ დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა სახით გაგრძელდება. სწორად წარიმართება თუ არა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ვფიქრობ, საპატრიარქომაც გამოაქვეყნა პოზიცია. პირადად მე, უფრო სწორად, ყველამ ვიცოდით, რომ ყოველთვის გვისმენდნენ. რამდენიც არ უნდა აპროტესტო ადამიანმა ეს ყველაფერი, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ არ მჯერა, მომავალში ვინმე არ მომისმენს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს. არ მქონია შეგრძნება, როდისმე არ მისმენდნენ.

არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო სტრუქტურა გისმენს თუ სხვა ადამიანი, რადგან დღევანდელ დღეს ძალიან მარტივად ხდება სოციალური ქსელების გატეხა, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცუდია, ნიჰილიზმს, უიმედობას იწვევს. ამხელა დარტყმა ეკლესიაზე თავისთავად გამოიწვევს ადამიანებში რაღაც ღმერთთან დამოკიდებულების შეცვლას, რომ აი, თუკი ასე ხდება ყველაფერი, მაშინ სად არის ღმერთი“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.

კითხვაზე, ვის ინტერესშია სასულიერო პირების მოსმენა, არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ სწორედ ამისთვის დაიწყო გამოძიება.

მისივე თქმით, გამოძიება იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ დარჩეს.

„მარტო სასულიერო პირებს უსმენენ? მგონია, რომ ყველას უსმენენ, თქვენც, ყველას, თავიანთ თანამშრომლებს. მე ვერავის ცილს ვერ დავწამებ, ამისთვის დაიწყო გამოძიება. გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და ყველა ადამიანი დაამშვიდოს პასუხებმა, რომ აი, გამოძიება წარიმართა სწორად და მიიღეს საკადრისი პასუხები იმ ადამაინებმა, ვინც ამ ყველაფერში იყო დამნაშავე. შეიძლება, სხვა ადამიანებიც იყვენენ ამაში ჩართული და არა მაინც და მაინც სახელმწიფო სტრუქტურა“, – განაცხადა იოანე მჭედლიშვილმა.